მანდატურის სამსახურში მოსწავლეებისთვის ახალი ონლაინ პლატფორმა ამოქმედდა

  • განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში ახალი ვებგვერდი – befriend.mes.gov.ge ამოქმედდა, რომელიც საკონსულტაციო ჩატის მეშვეობით, სკოლის მოსწავლეებს და მათთან დაკავშირებულ სუბიექტებს, საჭიროების შემთხვევაში, სრული კონფიდენციალურობის დაცვით კვალიფიციური ფსიქოლოგიურ კონსულტაციას გაუწევს.

უწყების ცნობით, ვებგვერდი, რომელიც აქამდე სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებდა, ამჟამად ყოველ სამუშაო დღეს, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე სრული დატვირთვით იმუშავებს.

“ერთჯერადი კონსულტაციის გაწევის შემდეგ, ფსიქოლოგი, საჭიროების შემთხვევაში, მომსახურების მიმღებს ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სხვა სერვისებსაც შესთავაზებს, რომლებიც, მთელი საქართველოს მასშტაბით, მოსწავლეების და მათთან დაკავშირებული სუბიექტებისთვის სრულფასოვან, მაღალკვალიფიციურ ფსიქოსოციალურ მომსახურებას უზრუნველყოფს. ონლაინ კონსულტირებას ცენტრის მიერ დამტკიცებული პროტოკოლი არეგულირებს. ახალი ინტერნეტპორტალის პარალელურად, 24-საათიან რეჟიმში ფუნქციონირებას განაგრძობს მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88.

„ვებგვერდი befriend.mes.gov.ge მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სხვადასხვა აქტუალურ თემაზე საზოგადოების, განსაკუთრებით, მოზარდების ცნობიერების ამაღლებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *