- ილია ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. როგორც ბერძენიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ქუჩაში გავიდა.
მისივე თქმით, თავს ახალგაზრდა მამაკაცი დაესხა, რომელმაც მიმართა სიტყვით „მოღალატე“ და კვერცხი ესროლა.
„ილიას უნივერსიტეტიდან გამოვედი, ლექციიდან, მივდიოდი მანქანისკენ. ქუჩაში შემხვდა მოქალაქე, დაახლოებით, „პიქსელის“ შენობასთან. მან დაიწყო ჩემი მისამართით – „მოღალატე“, „ერეკლე“, შენი დედა და ა.შ. როგორც ჩანს, მისი ამოცანა იყო, წყობიდან გამოვეყვანე – მეტ-ნაკლებად წარმატებულად. მე, რა თქმა უნდა, დედა არ მიგინებია. მოულოდნელად, ჯიბიდან კვერცხი ამოიღო. ჩვენთან, როგორც ჩანს, მოქალაქეები ასე დადიან, კვერცხით შეიარაღებულები. ეს არის ჩვეულებრივი ნაწილი იმ პროგრამისა, რომელიც მიმდინარეობს – ზურაბ ჯაფარიძე, ლევან ბერძენიშვილი – მე ვარ საქართველოს მტერი და ეს დებილი, წერა-კითხვის უცოდინარი, ვიღაც ამება, ეს კოსტავა, რომელიც მომიგზავნეს, საქართველოს პატრიოტი და მცველია?! ეს მოსწონს ბიძინა ივანიშვილს. ზუსტად მისი პორტრეტი იყო – წვერებიანი ბიძინა ივანიშვილი. ლექსიკა ისეთი ჰქონდა, როგორც ივანიშვილს აქვს, წერა-კითხვის უცოდინარი. მოსაგზავნიც აღარ ჰყავთ ისეთი, რომ გამართულად დედა მაინც შეგაგინოს. ეს იყო ახალგაზრდა, წვერებიანი მამაკაცი (სიტყვა მამაკაცი არ უხდება, მაგრამ რაცაა). რა თქმა უნდა, წინასწარ დაგეგმილი იყო, აბა, კვერცხით ვინ დადის? ყველაზე საინტერესო იყო ის, რომ მოქალაქეები ამას იღებდნენ, გამოსარჩლება არავის უცდია. ჩემი სტუდენტი ჩაერია და იმან ცოტა დისტანცირება გაუკეთა. გამოწევა იყო, უნდოდა [ფიზიკური დაპირისპირება], მაგრამ ვერ მოახერხა“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
ამასთან, ბერძენიშვილი არ აპირებს საკითხზე სამართალდამცავებს მიმართოს.
„ვის უნდა მივმართო? მათზე მაქვს ეჭვი, ვისაც უნდა მივმართო და ბავშვი ხომ არ ვარ?“- განაცხადა ბერძენიშვილმა.
წყარო