- საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს პაველ ბლაჟეკს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული დინამიკური პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს.
აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გააქტიურდა ორმხრივი ვიზიტები. გამოითქვა არსებული თანამშრომლობის და პოლიტიკური დიალოგის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა. ხაზი გაესვა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ინსტიტუციური, სოციალურ-ეკონომიკური ტრანსფორმაციისა და რეფორმების მიმართულებით ჩეხეთის მიერ გაწეულ მნიშვნელოვან დახმარებას.
პრემიერ-მინისტრმა ჩეხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ჩეხეთის ჩართულობის მნიშვნელობას.
საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. აღინიშნა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით დაადასტურა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და ამ გადაწყვეტილებამ საფუძველი დაუდო ახალ ეტაპს, რომელმაც საქართველო ევროკავშირის წევრობამდე უნდა მიიყვანოს. ხაზი გაესვა ჩეხეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, როლს და ევროინტეგრაციის პროცესში ჩეხეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის მიერ ინიცირებული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველ სამიტს, რომელიც პრაღაში გაიმართა. პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული სამიტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს და ხელს შეუწყობს ევროპის კონტინენტზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ძალისხმევის გაერთიანებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ ჩეხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის მოადგილე ზუზანა ფისეროვა, ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა და საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე.