- საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, საქართველოში, ვაზიანის აეროდრომის ტერიტორიაზე ახალი აეროპორტის მშენებლობა იგეგმება,-ამის შესახებ მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„პირველ რიგში, მინდა, მთავარი საკითხი გამოვიტანო განსახილველად, ეს არის მე ვიტყოდი, ამბიციური გადაწყვეტილება, მაგრამ ვფიქრობ, რომ გვაქვს დღეს ამის საშუალებაც, გამოცდილებაც და რაც მთავარია, მიზანიც, რომ გავხდეთ რეალურად რეგიონში საავიაციო ჰაბი. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ქვეყანას აქვს ამის პოტენციალი. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ დავიწყეთ აქტიური მუშაობა. რამდენიმე თვეა, აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო. მინდა, მოკლედ შევაფასო დღეს არსებული აეროპორტი. ალბათ, დამეთანხმებით, რომ არ არის დამაკმაყოფილებელი და ვერ უძლებს, შეიძლება ასე ითქვას, ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, იმ ამბიციურ მიზნებს, რომლებზეც ახლა მინდა, გესაუბროთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვგეგმავთ და გვაქვს სურვილი, რომ გრძელვადიან პროექტზე იყოს გათვლა. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ხუთი ან ათი წლის განმავლობაში გათვლილი პროექტი და ამიტომ, აქედან გამომდინარე, მინდა, შემდეგი გადაწყვეტილების თაობაზე მოგახსენეთ. ჩვენ დავამუშავეთ ორი ვარიანტი. ერთი იყო არსებული აეროპორტის განვითარება და გაფართოება, მაგრამ ამის თაობაზე უფრო კვალიფიციური სპეციალისტები ისაუბრებენ, ამ აეროპორტს აქვს თავისი მინუსებიც, შეზღუდვებიც და ვერ იძლევა დიდი განვითარების შესაძლებლობას. მით უმეტეს, თუ გვინდა, რომ გავხდეთ რეგიონში საავიაციო ჰაბი, ეს აეროპორტი და მისი ადგილმდებარეობა, ტერიტორია ვერ გვაძლევს ამის შესაძლებლობას. ეკონომიკურ საბჭოზე დავსვით ეს საკითხი, ვიმსჯელეთ და მივედით იმ დასკვნამდე, რომ თუ გვინდა ოცი, ორმაცდაათწლიანი და თუნდაც ასწლიანი პერსპექტივით ქვეყანაზე ვიზრუნოთ და ჩვენს მომავალ თაობებს დავუტოვოთ სათანადო, ინფრასტრუქტურად გამართული აეროპორტი, აუცილებელია ახალი ლოკაციის შერჩევა. ასეთი ლოკაცია, ასეთი ადგილი თბილისში არის და შეიძლება ითქვას, იდეალურია ამ მიზნით, არის ვაზიანის აეროდრომი, ყოფილი აეროდრომი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.