ირაკლი ღარიბაშვილი-იგეგმება ონლაინ კაზინოებისთვის გადასახადის გაზრდა, რეკლამის აკრძალვა, მომხმარებლების ასაკობრივი ზღვარის 25 წლამდე აწევა, მეორე ეტაპზე კი საერთოდ აკრძალვა

  • ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით პირველ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„საკითხი, რომელიც მოსახლეობას ძალიან აწუხებს, ეს არის სათამაშო ბიზნესი და ონლაინკაზინოები. მილიარდ ხუთასი მილიონი ლარი გაედინება ქვეყნიდან ამ ონლაინკაზინოების მეშვეობით. ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ახალგაზრდები ყოველდღე თამაშობენ ონლაინკაზინოში და აგებენ ფულს. ეს თანხა შეადგენს მილიარდ 500 მილიონ ლარს. ამის თაობაზე მქონდა საუბარი ეკონომიკურ გუნდთან და ფინანსთა მინისტრს უკვე აქვს ხედვა.

ვფიქრობთ, რომ წარმოვადგენთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს გადასახადების გაზრდას ონლაინკაზინოების მფლობელებისთვის. მათგან აბსოლუტური უმრავლესობა უცხოური კომპანიაა და საუბედუროდ, ჩვენი მოქალაქეების ფული გაედინება უცხოეთში – 1,5 მილიარდი ლარი. აქედან დიდი ნაწილი – 99% არის გაჭირვებული მოსახლეობა, ისინი, რომლებიც არ მუშაობენ.

პირველ ეტაპზე, ვფიქრობთ, რომ გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი. მეორე ეტაპზე კი საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინკაზინოები. ეს ხედვა მაქვს. მზად ვარ, ამის შესახებ ღიად ვისაუბრო და იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით საზოგადოების მხარდაჭერა იქნება. პარლამენტთან აქტიურად ვიმუშავებთ და ერთობლივად ოპტიმალურ, გონივრულ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *