- სტიქიის ზონიდან 296 ოჯახია გადაყვანილი, მზადდება სათანადო დოკუმენტაცია კომპენსაციების გაცემაზე, საჭიროების შემთხვევაში, ამისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდანაც იქნება გამოყოფილი თანხები, რესურსები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
“გასული კვირა იყო ძალიან მტკივნეული ჩვენთვის. სტიქიამ იმსხვერპლა 14 ადამიანის სიცოცხლე. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სამძიმარს დაღუპულთა ოჯახის წევრების მიმართ, ახლობლების მიმართ. ადგილზე გავეცანი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს და მინდა, აღვნიშნო, რომ როგორც სახელმწიფო უწყებებმა, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკეთეს ძალიან ბევრი რამ, იმოქმედეს ძალიან სწრაფად. ძალიან მალე აღდგა ელექტროენერგიის მიწოდება, ასევე ბუნებრივი აირის მიწოდება ასეულობით სოფლისთვის, სადაც იყო პრობლემა სტიქიის გამო. ძალიან სწრაფად გაიწმინდა საავტომობილო გზები. აღდგა საავტომობილო მოძრაობა შესაბამის მონაკვეთებზე.
400 საცხოვრებელი სახლი იყო დაახლოებით დატბორილი, საიდანაც 300-ზე მეტ შემთხვევაში დასრულდა ამოტუმბვის სამუშაოები. საბოლოოდ დასკვნის მომზადებამდე, უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 296 ოჯახი. ასევე შეფასდა ზარალი. მზადდება სათანადო დოკუმენტაცია იმისთვის, რომ გაიცეს კომპენსაციები შესაბამის ოჯახებზე. საჭიროების შემთხვევაში ამისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდანაც იქნება გამოყოფილი თანხები, რესურსები.
მინდა, მადლობა გადავუხადო შესაბამის სამინისტროებს, ვინც იყო ჩართული სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ეს არის ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინსტრო. ასევე მადლობა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონულ დეპარტამენტს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაშველებს, ყველას, ვინც ამ სამუშაოებში იყო ჩართული“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.