- თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება, – ახალი მეგაპროექტის განხორციელების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
„გუშინწინ გაიმართა ეკონომიკური საბჭოს სხდომა, სადაც მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ახალი მეგაპროექტის განხორციელების შესახებ. კერძოდ, თბილისში აშენდება ახალი საერთაშორისო აეროპორტი. დღევანდელი აეროპორტის გამტარუნარიანობა არის დაახლოებით, 4- 4 ნახევარი მილიონი მგზავრი. იცით, რომ ძალიან დადებითი დინამიკა გვაქვს ტურიზმის სფეროში. მოსალოდნელია, მომავალშიც ტურისტების და ვიზიტორების რაოდენობის სწრაფი და თანმიმდევრული ზრდა, რასაც ფეხი უნდა აუწყოს ინფრასტრუქტურამ. განვიხილეთ ორი ალტერნატიული ვარიანტი. ერთი ვარიანტი გულისხმობდა არსებული აეროპორტის გადიდებას. მეორე – ახალი აეროპორტის აშენებას ვაზიანში. გაფართოების ხარჯი დაახლოებით, 900 მილიონი დოლარი იყო, ახლის აშენების – მილიარდ 260 მილიონი დოლარი. გაფართოება იძლეოდა საშუალებას, რომ მგზავრთა ნაკადი მაქსიმუმ 15 მილიონ მგზავრამდე გაგვეზარდა და შემდგომი განვითარების პერსპექტივა აღარ იყო. რაც შეეხება ახალი აეროპორტის მშენებლობას, ეს გვაძლევს 19 მილიონამდე მგზავრის გაზრდის საშუალებას, შემდგომი გაფართოების პერსპექტივით. ახალი აეროპორტი იქნება სრულ შესაბამისობაში უმაღლეს თანამედროვე სტანდარტებთან. არაერთი ფაქტორის გათვალისწინებით, სწორედ ახალი აეროპორტის აშენების გადაწყვეტილება მივიღეთ. მომავალ წელს დასრულდება პროექტირება, ტენდერის პროცედურები. ამის შემდგომ უკვე რამდენიმე წელიწადში თბილისს ექნება სრულად ახალი, ულტრათანამედროვე აეროპორტი. ამ გადაწყვეტილებას ექნება ძალიან სეროზული ეკონომიკური ეფექტი. ჩვენი გათვლებით, 0,2%-ული პუნქტით მოიმატებს ეკონომიკის ზრდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომდევნო წლების განმავლობაში წლიურად, საშუალოდ 350 მილიონი ლარი დაემატება საქართველოს ეკონომიკას“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.