- საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული პირი თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული წამებისთვის, მუქარისთვის, ჯგუფურად ჩადენილი გაუპატიურებისთვის და გაუპატიურებაში დახმარებისთვის იძებნებოდა.
“თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი ექსტრადიციის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ძებნილი ბათუმში დააკავეს. საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მისი თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დასაშვებად იქნა ცნობილი, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა. 2023 წლის 7 ივლისს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო ზემოხსენებული პირის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის თაობაზე, რის შემდგომაც ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს გადაეცა.
საქართველოს პროკურატურა, ძებნილი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით, პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან წარმატებით თანამშრომლობის მზადყოფნას მომავალშიც გამოხატავს.”-ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.