თბილისის მერია სპორტული მედიცინისა და დიაგნოსტიკის საპილოტე პროგრამას იწყებს

  • თბილისის მერია საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციასთან ერთად, სპორტული მედიცინისა და დიაგნოსტიკის საპილოტე პროგრამის განხორციელებას იწყებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პროგრამა სპორტული ცენტრების სერვისით მოსარგებლე 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდების კომპლექსურ სამედიცინო შემოწმებას მოიცავს.

„სპორტული მედიცინისა და დიაგნოსტიკის საპილოტე პროგრამა, პირველ ეტაპზე, თბილისის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებულ სპორტულ ცენტრებში დაინერგება. ასოციაციასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ა(ა)იპ ქალაქ თბილისის „გლდანი-ნაძალადევის და ისანი-სამგორის კომპლექსური სპორტული ცენტრის“ სერვისით მოსარგებლე 500 მოზარდი სამედიცინო შემოწმებას გაივლის 26 აპრილიდან 5 ივნისამდე (მუხიანისა და ლილოს სპორტულ კომპლექსებში)“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, კომპლექსური სამედიცინო შემოწმების საფუძველზე, სპორტში ჩართულობის მიზანშეწონილობისა და ჯანმრთელობის შემდგომი მონიტორინგის შესახებ რეკომენდაციები გაიცემა.

„საპილოტე პროგრამის ანალიზის საფუძველზე დაიგეგმება სპორტული მედიცინის სერვისების დანერგვა სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციაში. სამედიცინო შემოწმება განხორციელდება საერთაშორისო გზამკვლევებისა და პროტოკოლების მიხედვით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *