- დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ იძულებით გადაადგილებულ 51 პირს თვითდასაქმებისა და შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, ტექნიკა-დანადგარები და ხელსაწყოები გადასცა.
უწყების ცნობით, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, განსახლებულმა დევნილებმა და ეკომიგრანტებმა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობისთვის საჭირო დანადგარები მიიღეს, პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს კი, სააგენტომ საქმიანობის შესაბამისი სახელობო იარაღები შეუსყიდა.
„სააგენტო აქტიურად უჭერს მხარს დევნილებისა და ეკომიგრანტების დასაქმებას და ამ მიმართულებით არა ერთ მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს. პრიორიტეტულია, რომ განსახლების პარალელურად, იძულებით გადაადგილებულ პირებს შემოსავლის წყარო გაუჩნდეთ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.