- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, 7 სამართალდარღვევაა გამოვლენილი გურიაში, 1 სამართალდარღვევა კი – აჭარაში.
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ კობალთაში მოქალაქემ 8 ერთეული დაუფირნიშებელი წიწვოვანი სახეობის მორის უკანონო ტრანსპორტირება მოახდინა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წვერმაღალაში კი, მოქალაქე 4 ერთეული კრიპტომერიის სახეობის დაუფირნიშებელი მორის ტრანსპორტირებას ახდენდა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში, ასევე სოფლებში – ნაბეღლავსა და ჩხაკაურაში, მოქალაქეები პირველადი გადამუშავების პროდუქტების – 14,16 კუბური მეტრი ფიცრის, 2,57 კუბური მეტრი ძელაკისა და 1,02 კუბური მეტრი ძელის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ. სამართალდამრღვევებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია.
უწყების ცნობით, ჯამში ამოღებულია 12 მორი და 18 კუბურ მეტრამდე პირველადი გადამუშავების პროდუქტი.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებს გადაეგზავნა.