- “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა გადაწყვეტილებებს გაუმჭვირვალე რეჟიმში იღებს.
როგორც ორგანიზაციის მიერ განცხადებაშია ნათქვამი, 2022 წელს საქართველოს მთავრობამ 47 სხდომაზე 372 განკარგულების პროექტი განიხილა, რომელთაგან დღემდე არცერთი გასაჯაროებულა
“უკვე 2 წელზე მეტია მთავრობა თავს აღარ მიიჩნევს ანგარიშვალდებულად საზოგადოების წინაშე და გადაწყვეტილებებს ასეთ დახურულ რეჟიმში იღებს. ამ მიდგომით, მთავრობა, არამხოლოდ ამცირებს მისდამი ნდობას, არამედ აჩენს ეჭვს, რომ მიზანი პრობლემური გადაწყვეტილებების დამალვა შეიძლება იყოს. გასული წლის განკარგულებების 40% – 372-დან 150 – კონკრეტული პირებისთვის სახელმწიფო ქონების სხვადასხვა ფორმით გადაცემას ეხებოდა, რაც კორუფციული რისკის შემცველია. ამ რისკს ამყარებს სახელმწიფო ქონების სავარაუდო უკანონო გადაცემასთან დაკავშირებით გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ წარსულში გამოვლენილი შემთხვევების არსებობაც. გარდა იმისა, რომ განკარგულებების გამოუქვეყნებლობით მთავრობა სხვა საჯარო დაწესებულებებს ცუდ მაგალითს აძლევს, ის ერთდროულად რამდენიმე სამართლებრივ აქტსაც არღვევს: ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე; მთავრობის რეგლამენტს განკარგულებების მაქსიმუმ 3 დღეში ვებ-გვერდზე ატვირთვასთან დაკავშირებით; მთავრობის დადგენილებას, ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებაზე. მოვუწოდებთ, მთავრობის ადმინისტრაციას, უარი თქვას განკარგულებების დამალვის მავნე პრაქტიკაზე, შეასრულოს კანონის მოთხოვნა და გამოაქვეყნოს ყველა დოკუმენტი როგორც მის ოფიციალურ ვებგვერდზე, ისე „საკანონმდებლო მაცნეზე“, ასევე, დაიცვას საჯარო ინფორმაციის გაცემის კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა”, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.